ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა გზა გადაკეტეს - ისინი სესხების სუბსიდირებას ითხოვენ 

24 აგვისტო 2021, 12:45 13177 ნახვა

ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელები ისევ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. ამბობენ, რომ გასული წლის მსგავსად ტურისტული სეზონი წელსაც ვერ შედგა, რის გამოც ბანკის სესხების გადახდას ვერ ახერხებენ. მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ტურისტული სეზონის წინ აღებული კრედიტების სუბსიდირებაში დახმარებას სთხოვენ. 

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და აღმაშენებლის ქუჩაზე ''ქართული ოცნების'' ოფისისკენ მსვლელობით მიდიან. 

"პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი ქობულეთში არ შედგა. ვითხოვთ გამოცხადდეს ფორსმაჟორი და ბანკებმა ''გაყინონ'', როგორც შესატანი თანხა, ასევე პროცენტი. სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებას და არ აღსდგება ტურიზმი'' - აცხადებენ მოქალაქეები. 

საოჯახო სასტუმროს მფლობელები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ''საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთ ოფისთან მივიდნენ, შენობის შესასვლელთან განლაგდნენ და მოქალაქეებს ბანკში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

საოჯახო სასტუმროების მფლობელები ქობულეთის მერს შეხვდნენ. მათი თქმით, მირიან ქათამაძისგან ზოგადი პასუხები მიიღეს, რომ საკითხზე მთავრობა მუშაობს.

თუ ადგილობრივი ხელისუფლება და ცენტრალური მთავრობა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ქობულეთის მერიის შენობის წინ კარვების დადგმას გეგმავენ. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ საჭირო გახდა ისინი აჭარაში გაემგზავრებიან. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მიმდინარე სეზონზე ტურიზმის დინამიკა პოზიტიურად ვითარდება.  

"2020 წლიდან საკმაოდ რთული ვითარება ჰქონდა ტურიზმის სექტორს, განსაკუთრებით განთავსების ობიექტებს, რომელთაც აქვთ მიმდინარე სასესხო ვალდებულებები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა, მათ შორის სასესხო ვალდებულებების დაპაუზება და ''აწარმოე საქართველოს'' ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირება გამოვიყენეთ.

მიმდინარე სეზონზე ვხედავთ, რომ ტურიზმის დინამიკა პოზიტიურად ვითარდება. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ აღდგენის სწრაფ ტემპზე, რომელსაც ხელს უწყობს ავიაციის აღდგენის დინამიკა. ვხედავთ, რომ ტურისტული ნაკადები დაგეგმილზე უფრო ჭარბადაა სხვადასხვა რეგიონში. მზაობა გვაქვს, რომ ინდუსტრიის წარმომადგენებს გვერდში დავუდეთ. აჭარის ფინანსთა სამინისტრო უკვე რამდენიმე დღეა პირდაპირ კომუნიკაციას ახდენს ადგილზე მომუშავე ბიზნესს სუბიექტებთან. საჭიროების შემთხვევაში ჩვენც მზად ვართ გავემგზავროთ აჭარაში'' - განაცხადა ქვრივიშვილმა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი