''ქართულმა ოცნებამ'' ხელვაჩაურის მერობის კანდიდატად ზაზა დიასამიძე წარადგინა. ცერემონია გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. კანდიდატი საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ზაზა დიასამიძე კარგად იცნობს მუნიციპალიტეტს და ის ღირსეული კანდიდატია.
''ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ერთგულების ფასად, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ მშვიდ, ღირსეულ და ძლიერ გამარჯვებას. ვემზადებით ასევე დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვებისთვის, რიგით მერვე არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის მოსახლეობისათვის, რადგან ახლა ვირჩევთ მერს, რომელიც მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.
ჩვენი მერების მთავარი საზრუნავი არის და უნდა იყოს ხალხზე ზრუნვა, მათი რეალური პრობლემების გადაჭრა და მოგვარება. ისე რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და ყურადღების გარეშე. ეს უნდა იყოს მთავარი მოტივაცია თითოეული მერის და მმართველის, რომელიც ხელისუფლებაშია.
ბოლო რვა წლის განმავლობაში ''ქართულმა ოცნებამ'' ბევრი პროგრესი მოიტანა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში დამკვიდრდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.
მოკლედ შეიძლება ჩამოვთვალოთ ის მიღწევები, რომელიც მაგალითად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. იქნებოდა ეს გზების რეაბილიტაცია, გაზგაყვანილობა, სკოლების, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ დღევანდელი დღე უკეთესი გახდეს. ჩვენი მთავრობის პირობებში, პანდემია არის მთავარი გამოწვევა, მაგრამ ვახერხებთ, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა პროექტების განხორციელებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა.
''ჩვენს მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და არავინ და ვერავინ ვერ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი არის ჩვენი ძლიერი გუნდი და ჩვენი ერთობა. „ქართული ოცნება“ არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნისთვის'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურასა და რეგიონების განვითარებას 32 მილიარდი ლარი მოხმარდება. ასევე პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება პროფესიული სასწავლებელი.