ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელები შეიკრიბნენ. მათი თქმით, გასული წლის მსგავსად ტურისტული სეზონი წელსაც ვერ შედგა, რის გამოც ბანკის სესხების გადახდას ვერ ახერხებენ.
მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ტურისტული სეზონის წინ აღებული სესხები სუბსიდირებაში დახმარებას სთხოვენ.
მერიასთან შეკრებილების თქმით, აუცილებელია დარიცხული პროცენტის სრულად ჩამოწერა და საწყისი თანხის გადავადება ყოველგვარი დანამატის გარეშე, რადგან მათივე თქმით, ისინი დამატებული პროცენტების გადახდას ვერ ახერხებენ.
ამბობენ რომ თუ მათი პრობლემა არ მოგვარდება, აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
მოგვიანებით საოჯახო სასტუმროების მფლობელები, აჭარის ეკონომიკის მინისტრსა და ქობულეთის მერს შეხვდნენ.
შეხვედრა ქობულეთის მერიის შენობის დარბაზში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საკითხზე მუშაობენ, როგორც ცენტრალური ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საბანკო სექტორის დონეზე.
''მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, იყო ეს 2019 წელი, გასული წელიც რა თქმა უნდა ეპიდვითარებიდან გამომდინარე. ვმუშაობთ სხვადასხვა ინიციატივაზე, გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, იმისათვის რომ ყველა გართულებული საკითხი მოგვარდეს. ჩვენი ამოცანაა ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს კანონის ფარგლებში'' - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.