შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“დალუქეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი ერთხელ უკვე დაჯარიმდა.
''ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, რესტორნის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.