ქობულეთში, აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა იმართება.
თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14-მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 51 962 მილიონი ლარი შეადგინა. გაიზარდა პროექტების დაფინანსება: ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებო და სოციალური მიმართულებით.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტით დაგეგმილია ახალი წყლის სისტემების მოწყობა მუხაესტატეში, ცეცხლაურში, ქვედა კვირიკეში, ოჩხამურსა და ჯიხანჯურში. მისივე თქმით, როგორც მტირალას, ასევე კოლხეთის ეროვნული პარკი განვითარდება ახალი ტურისტული მიმართულებებით. გაგრძელდება სანაპირო ზოლისა და ბულვარის კეთილმოწყობა.
"ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოუგვარებელი, არის ქობულეთში სპორტული კომპლექსი. შემუშავებულია შესაბამისი პროექტი და ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯოს გარდამავალი ბიუჯეტით და მოგვარდეს ეს პრობლემა"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, ჩაქვში მიმდინარეობს ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა და ამ პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობის თავმჯოდმარის განცხადებით, ხუცუბანში ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. ასევე 12 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუარდება და დაიწყება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.