დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საბჭოზე ყველა ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინეს. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაზე დიდ ''ბუსტერებთან'' დაკავშირებით რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. საუბარია ქორწილებსა და ხალხმრავალ შეკრებებზე.
გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის გაბრაზებული საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
“სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, ძალიან მკაცრი ზომების მიღება ყველაზე დიდ „ბუსტერებთან“ დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ქორწილები, ქელეხები, დალუქვამდე მისვლა ამ დარბაზების და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე. დარწმუნებული ვარ, აღსრულება მაქსიმალური იქნება, რომელიც სერიოზულ შედეგს მისცემს. პირველი დაჯარიმების შემდეგ დალუქვა ვფიქრობ, რომ შედეგის მომტანი იქნება.
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით ჯარიმით, დალუქვით, ასევე არ უნდა იყოს. ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე დიდი „ბუსტერი“ გახლავთ სწორედ ეს შეკრებები. ამიტომ, უარი უნდა ვთქვათ მათზე. თუ არადა, დალუქავენ ამ დარბაზებს და ეს იქნება'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მთავარია რეკომენდაციის პირნათლად შესრულება.
''თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს დაწესდა პირნათლად შევასრულებთ, მხედველობაში მაქვს პირბადის უნივერსალური ტარება. იმიტომ, რომ შიდა სივრცეებშიც არ ატარებდნენ უკვე პირბადეს. ნებისმიერი შეკრებისას აუციელებელია პირბადის ტარება.
მეორე ეს არის ავქცინაცია. ჩვენ ამ კვირაში უნდა ავიდეთ დაახლოებით 25 000 აცრაზე. ახლა აგვისტოს საშუალო მაჩვენებელი გვაქვს ყოველდღიური 18 500, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ 6 აგვისტოს გვქონდა 23 000-ზე მეტი. დღესაც ველოდებით 23 000-ზე მეტია დაჯავშნილი. “, – განაცხადა გამყრელიძე.