პროკურატურამ "ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2 პირს ბრალი წარუდგინა

16 ივლისი 2021, 09:49 1271 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.

'' გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ვ.ბ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

ასევე, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.ქ. სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ.-ს, რომელიც „ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა. დ.ქ. და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ნ.ზ.-ს მიმართ დევნას ახორციელებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას'' - წერია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ვ.ბ. 15 ივლისს, ხოლო დ.ქ. 14 ივლისს დააკავეს. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურის ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში