სახელმწიფოებრივი საკითხები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა - ამ განცხადებით ხმაური გამოიწვია „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოში მივიდა. სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ამ უფლებით სხდომის დასრულების შემდეგ შეძლებდა. ანა დოლიძემ დეპუტატების რეპლიკებს, მაინც უპასუხა, რა დროსაც მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელმა გააჟღერა რომ ძალადობის დაგმობას ისინი ითხოვდნენ, ვინც ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება. ბათუმის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო მიწის გასხვისება „მწვანე კონცხზე“ პირდაპირი წესით, რაც დღეს გააპროტესტა „მოძრაობა ხალხისთვის“ წარმომადგენელმა. ანა დოლიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ქონება აუქციონის წესით უნდა გასხვისდეს. დღესვე ბათუმში რამდენიმე ქუჩას სახელი მიანიჭეს. ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული რამდენიმე შენობა - ნაგებობა კი მართვაში აჭარის მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცა.