საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები.
კელი დეგნანის თქმით, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დაინახა.
ელჩი აცხადებს, რომ წუხს “TV პირველის” ოპერატორის გარდაცვალების გამო და ამბობს, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია.
''რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში.
სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ, თუმცა იმედია მაქვს, რომ მომავალში იქნება მეტი დაფასება, თუ რამდენად ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები.
მე მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე. ეს მართლაც ძალიან მძიმეა, ვუსამძიმრებ ყველას. ლექსო ერთ-ერთი იყო ვისზეც ძალადობა განხორციელდა. ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, როდესაც ის მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების შეკრებისა თუ მედია უფლებების გამოხატვას'' - განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ სურთ ლიდერად. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ულტიმატუმის ვადის ამოწურვას ეხებოდა.
''მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. რაც შეეხება ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, მე არ მინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ'' - განაცხადა კელი დეგნანმა.