2 მოწინააღმდეგე და 18 მომხრე. ბათუმის საკრებულომ 46 მილიონ 800 ლარით გაზრდილი ბიუჯეტი დაამტკიცა. ჯამში ქალაქის ბიუჯეტი ახლა 204 მილიონია. ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამები. პრიორიტეტული მიმართულებიდან ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 628 200 ლარით გაიზარდა. ნამატი თანხიდან ყველაზე მეტი 376 400 ლარი ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამას დაემატა. ჩამონათვალშია უფასო სასადილოებიც.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი სიახლეა ის, რომ ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. 4 მილიონი ლარი კი ე.წ- ლი ,,ოცნების ქალაქში“ წყალარინების სისტემისთვის დაიხარჯება.
როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, თანხები ტრანსფერის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის მეშვეობით მობილიზდა.
ასევე 8 მილიონ ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში პრივატიზებიდან. ნაციონალური მოძრაობის წევრ ნოდარ დუმბაძის თქმით, ბიუჯეტის ზრდა კარგია, თუმცა ეს წინასაარჩევნოდ ხდება და ამ ფორმით მმართველი გუნდი ხმების ყიდვას ცდილობს.