დღეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს. საბჭოს მდივნის ვახტანგ გომელაურის განცხადებით საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემას და მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების საკითხს.
საბჭოს სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე და კიბერუსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრეს.
ვახტანგ გომელაურის თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმა განხორციელდება, შემუშავებულია ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო პროექტი. კანონპროექტის ინიცირება კი საშემოდგომო სესიაზე იგეგმება
''სამწუხაროდ ხშირად ხდება უკანონო დაკავებები და ტერიტორიის მიტაცება. ამაზე ვმუშაობთ. იყო საუბარი რა გაკეთდა, ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით როგორ ვიმუშავეთ და რა გაკეთდა.
იყო საკითხი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე თუ რა გაკეთდა. ამაზე მუშაობს მთლიანად მთავრობა და საბჭო. აპარატმა შეიმუშავა დოკუმენტის პირველადი ვერსია, რომელიც სექტორულ უწყებებს გადაეგზავნა და შეთანხმდება. შემდეგ პარლამენტს წარვუდგენთ საშემოდგომო სესიაზე.
მეოთხე საკითხი იყო კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბება. მთავრობას დასამტკიცებლად ივლისში წარედგინება.
მეხუთე თემა კი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიას ეხება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა'' - განაცხადა გომელაურმა.