დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე მდებარე ნაზარლების ტერიტორიაზე, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავალი დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რვა ეკიპაჟი. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შირაქში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. მოსალოდნელი უფრო მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს მთებში შესაძლოა ხანძრის კერების წარმოქმნა, მოსახლეობა ვალდებულია პიკნიკის დროს არ დატოვოს ტყეში შუშის ნამსხვრევები, თავი შეიკავონ თამბაქოს მოწევისგან.