საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ

15 ივნისი 2021, 22:01 1340 ნახვა

ჩვენ ერთსულოვანნი ვართ რუსეთის წინააღმდეგ პრინციპული მიდგომის საკითხში და გადაჭრით ვუპასუხებთ ნეგატიური ქცევისა და მავნე საქმიანობის იმ მოდელს, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები.

"ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის რეფორმების გზას და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების განცხადებით, ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგი დაიწყება.

აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში დღეს გაიმართა. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი