ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურატურის მოწმეებს კითხავენ.
ბრალდების მხარე ნაფიც მსაჯულებს მტკიცებულებებს აცნობს. მაშინ, როდესაც მოწმე გამომძიებელი მკვლელობის ადგილს აღწერდა, ერთ-ერთი ნაფიცი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. მოგვიანებით ნაფიცმა მსაჯულმა განმარტა, რომ დილიდან თავს შეუძლოდ გრძნობდა.
საქმის არსებითი განხილვა ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქედაში მკვლელობა გასული წლის 2 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილია 32 წლის კაცი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გია ბ.-მ თავისივე ბიძაშვილი მოკლა რამდენიმე ახლობლის და მათ შორის, მამის თვალწინ. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის იარაღი დანა იყო. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გ.ბ. წინასწარპატიმრობაშია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ელოდება.
ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საქმეს მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.