საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ასეთი აბიტურიენტები გამოცდებს საგანგებოდ შედგენილი ცხრილით ჩააბარებენ.
„პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ „კოვიდ-19“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს ორი კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.
წელსაც მოეწყობა საკარანტინე სივრცეები იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული „კოვიდ-19“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით.
„მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
რეკომენდაციების თანახმად, თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება სულ მცირე ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი, ერთი მეტრი. კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.