გიორგი გახარია ბათუმში იმყოფება - აჭარაში პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა 

14 ივნისი 2021, 14:57 6602 ნახვა

პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაცია დღეს, 14 ივნისს, აჭარაშიც დააფუძნა. გიორგი გახარია ბათუმში იმყოფება და პარტიულ აქტივს შეხვდა. ისინი პარტია ''საქართველოსთის'' ახალ ოფისში შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს. 

ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი თავდგირიძე იქნება. მან ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების სამსახურის უფროსის პოსტი დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.

აჭარაში პარტიას ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს. ის ბათუმის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ''ქართული ოცნებიდან“, რომელმაც გუნდი 2019 წელს დატოვა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ გუნდში იქნება დემოკრატია და გადაწვეტილებას ერთპიროვნულად არავინ მიიღებს. 

''ნებისმიერი საკითხი მიღებული იქნება კოლეგიალურად. აქ იქნება ყოველდღიურად მოქმედი ბორდი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იქნებიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არც ერთ შემთხვევაში ეს არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ''საქართველოსთვის'' იქნება პირველი პოლიტიკური ძალა და პარტია, რომლის შიდა  დემოკტაიული პროცესები იქნება უმაღლეს ხარისხზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობის შეგრძნების განცდა. ეს რომ არ არის მხოლოდ სიტყვები სულ მალე  ყველა დაინახავს.

ჩვენ გვექნება რეგიონალური ქალაქების განვითარების პროგრამები ცალკე, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და თითოეულ ქალაქში ეს იქნება განხილვები, სადაც ჩვენი მოქალაქეები მონაწილეობას მიიღებენ ელემენტარულ და ძალიან პრაქტიკულ საკითხებზე თუ როგორ უნდა განვითარდეს მაგალითად სატრანსპორტო კვანძი, ბათუმის პორტი, როგორი უნდა იყოს ქალაქის სამშენებლო პოლიტიკა. ეს რაც შეეხება ბათუმს, თუმცა იგივე მიდგომა იქნება ყველა ურბანულ ცენტრთან'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ეს მიდგომა წლების განმავლობაში? გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს მიდგომა ქონდათ ყოველთვის.

"მე ჩამოგითვლით ბევრ რამეს რაც გავაკეთეთ, მაგალითად "ოცნების ქალაქი", რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად, რომელიც კეთდება და დარწმუნებული ვარ მალე დასრულდება.  ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ სწრაფად, ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის ის, რატომაც ვდგევართ ჩვენ აქ, ეს არის ჩვენი პასუხიმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვხვდა.

თუ ვინმეს გონია, რომ იმის წამოძახებით, რომ მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ,  ვერ გამიჩენენ'' - განაცხადა გახარიამ. 

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ''ქართული ოცნებიდან'' წასული დეპუტატები. მათ შორის  ბათუმის საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი ჭეიშვილი, რომელმაც მმართველი გუნდის რიგები 25 მაისს დატოვა. ასევე იმყოფებოდა ბათუმის ყოფილი მერი ჯემალ ანანიძე, მერაბ ბლადაძე და  ირაკლი მიქელაძე.

გახარია ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან, კონსტანტინე ანანიაშვილთან ერთად იმყოფება.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა და პრეზენტაცია 29 მაისს გამართა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი