საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

07 ივნისი 2021, 14:50 877 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩსს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება.

აღინიშნა, რომ ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი ლატვიის ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყნებს შორის შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის დასტურია. საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას.

მათივე განცხადებით, ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. ყურადღება დაეთმო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. აღინიშნა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ვაქცინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის აუცილებლობა. შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ამ პროცესში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

"აღინიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რაც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის ლატვიას მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. აღინიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში, რაც მას არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში"-აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი