„მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ.“- ეს ერთ-ერთი შეტყობინებაა, რომელიც „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსმა ნაზი რეხვიაშვილმა ხულოს საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის ნუგზარ სოლომონიძისგან მიიღო.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მუქარის შემცვლელი წერილები და საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ "ტვ 25''-ისთვის მიცემული ინტერვიუს სოციალურ ქსელში გაზიარებამ.
"საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ,,ტვ 25''-ის მასალიდან ამონარიდი გამოვაქვეყნე, სადაც საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს და ,,ქართულ ოცნებაში'' გაწევრიანების სურვილს იმით ხსნის, რომ ის კაცურად მართავს რეგიონს. ვიდეოს დავაწერე, რომ ადამიანმა, რომელმაც არ იცის, რომ თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ არის და რომელსაც კაცურად მართვა მიაჩნია პოლიტიკოსისთვის უმაღლეს შეფასებად მას ან ოპოზიციაში რა უნდოდა ან ,,ქართულ ოცნებაში'' რა უნდა თქო.
გუშინ მესენჯერში მომივიდა მუქარის შემცვლელი წერილი. ის მწერდა, რომ მის პირადულს შევეხე და ვნახავდი რაც მომივიდოდა. მე ავუხსენი, რომ ის იყო საჯარო მოხელე და მის პირადულს ვერ შევეხებოდი. ვუთხარი, რომ თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის, რის შემდეგაც მომწერა, რომ მომავალი საფრთხეში ჩავიგდე.
გუშინ, როცა მას სააგენტოები დაუკავშირდნენ ის იგივეს იმეორებდა, რომ მე პირადულს შევეხე და ამისთვის პასუხი მომთხოვა, ანუ მუქარას აგრძელებდა"-ამბობს აჭარის მაუწყებელთან ნაზი რეხვიაშვილი.
ჟურნალისტი სამართლებრივ დავას აპირებს და ამბობს, რომ არ გაჩერდება.
მომხდარს გუშინვე გამოეხმაურა მედიაპორტალი Factcheck.ge
"ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: „მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ.“ ჟურნალისტებზე მუქარა და ზეწოლა დაუშვებელია. ამგვარი ქმედებები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიული განვითარების პროცესს, ვინაიდან მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას და შესაძლოა, მსუსხავი ეფექტიც კი იქონიოს.
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავს აძლევენ უფლებას, ჟურნალისტებს დაემუქრნონ, დაისაჯონ კანონის შესაბამისად. ფაქტ-მეტრი მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით. ასევე, ჩვენი ანალიტიკოსი მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი განცხადებით"-წერია Factcheck-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი.
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას"-აცხადებენ ეთიკის ქარტიაში.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ის საკითხით დაინტერესდება.
"მე არ ვიცნობ ამ საკითხს დეტალურად, თუმცა რა თქმა უნდა დავინტერესდებით და შევისწავლით ამ კონკრეტული საკითხს"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ნუგზარ სოლომონიძეს დაუკავშირდა. დეპუტატმა გვითხრა, რომ საჭესთან იყო, დედაქალაქში მიდიოდა და საუბარს ვერ შეძლებდა.
ნუგზარ სოლომონიძე 24 მაისს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი გახდა. მანამდე ის ხულოს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.