ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნას და განცხადებას. რიონის ხეობის მცველებმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს, ხელისუფლებას კი გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 12 საათამდე მისცეს. შემდეგ კი დედაქალაქის პიკეტირება დააანონსეს.
პრემიერი ამბობს, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
''ულმიმატუმის ენით საუბარი არის ბნელი 90 წლების გადმონაშთი და კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი სპეციალისტი ''ენერგეტიკის'', ''სოფლის მეურნეობის'', ''ტრანსპორტის'', ''რკინიგზის'' და ა.შ
შედეგად რაც მივიღეთ კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა. მინდა ამ ადამიანებს მივმართო და გონიერებისკენ მოვუხმო. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს რა თქმა უნდა სახელმწიფოს ექნება რეაგირება'' - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროცესებში თავადაც არის ჩართული და მალე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდება.
''ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება. პროტესტის მონაწილეებს ასევე შევთავაზეთ შესაბამისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო. ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, სამინისტროები არიან ჩართულები. გარდა ამისა ევროკავშირის წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსს და დეტალს, გარემოზე ზემოქმედების ეფექტებს. დავავალე იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთხელ შეისწავლონ პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან. აქედან გამომდინარე კითხვები არ უნდა არსებობდეს.
თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც თბილისში ჩამოვა. თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად რომ რაიმე სააწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.