ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეების ინტერესების დამცველები მათი დაცვისქვეშმყოფების მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. ამის დასადასტურებლად ისინი რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებენ. ადვოკატ ირაკლი შავაძის განცხადებით, ბრალდებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, რადგან ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები არიან და მათ მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება.
ადვოკატების განცხადებით, 12 აპრილს ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, სადაც ბრალდებულები იმყოფებოდნენ, ხელისუფლების მხარდამჭერმა სპორტსმენებმა და საჯარო მოხელეებმა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია მოაწყვეს, რამდენიმე საათში კი ძმები ჭელიძეები და წულუკიძეები სამართალდაცველებმა სპეცოპერაციით ბათუმში დააკავეს, მათ შორის არის 21 წელს მიუღწეველი პირიც. მაშინ როცა დმანისის შემთხევაში გამოძიება არც კი დაწყებულა.
ადვოკატები სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას წერილობით მიმართავენ და დაინტერესებას სთხოვენ.ძმებ ჭელიძეებსა და წულუკიძეებს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. სასამართლო 8 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.