საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაჩქარებული წესით მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის განახლებული წესები.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნულმა უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის მეტი გამჭვირვალობა, ნდობა და სასამართლო სისტემაზე გავლენის სფეროების შემცირება.
"2021 წლის 19 აპრილს დასავლელი პარტნიორების მედიაციით მომზადებული პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სასამართლოს ინსტიტუციური საკითხების რეფორმირებას ეხება. დოკუმენტში ხაზგასმულია ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის აუცილებლობა, როგორც ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, დროულად შეიქმნას მაქსიმალურად წარმომადგენლობითი სასამართლო რეფორმის ჯგუფი და დაიწყოს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021 წელს საბჭოს 15 წევრიდან 9 წევრს (5 არამოსამართლეს და 4 მოსამართლეს) უფლებამოსილების ვადა ეწურება, რაც ამ ორგანოს მასშტაბურ განახლებას გამოიწვევს. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი და მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილნი იქნებიან არსებული წესის შესაბამისად აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები. სამწუხაროდ, დღეს მოქმედი პროცედურები პროცესის გამჭვირვალედ და ინკლუზიურად წარმართვის შესაძლებლობას არ იძლევა.
სწორედ ამიტომ, პარლამენტისთვის პირველი რიგის ამოცანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის რეფორმირება უნდა იყოს. აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნების იმგვარი მოდელის დანერგვა, სადაც შემცირდება ერთი ჯგუფის მიერ კანდიდატების დანიშვნის შესაძლებლობა და ასევე აუცილებელია საბჭოს არამოსამართლე წევრები კონსესუსის საფუძველზე შეირჩნენ საქართველოს პარლამენტში და უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური გამჭვირვალობა. ეს ცვლილებები დაჩქარებული პროცედურებით უნდა განხორცილდეს, რათა საბჭოს დაკომპლექტება არსებული - არადემოკრატიული და გაუმჭვირვალე წესით არ მოხდეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განახლებული პროცედურების მიღებისა და ახალი კანდიდატების შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია დაიწყოს მასშტაბური რეფორმა 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით, იმ საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაციებისა და ჯგუფების ჩართულობით, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლოს რეფორმის პროცესზე. სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში"-წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.