აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. სააგენტოს უფროსის თანამდებობა კი ზაურ ახვლედიანმა გუშინ დატოვა და ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
იქვე აღნიშნა, რომ საქმიანობას ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე განაგრძობს, რაც ჩვენც დაგვიდასტურა, თუმცა სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას, ამ ეტაპზე მას ზაურ ახვლედიანის მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე დაიკავებს. კიდევ ერთი ვაკანტური პოზიციაა დაკავებული, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მინისტრის მოადგილის თანამდებობა ზაზა დიასამიძემ ჩაიბარა, რომელიც მანამდე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო 4 წლის განმავლობაში. შესაძლოა აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები ისევ გაგრძელდეს, რასაც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე არ გამორიცხავს.