პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გახდა. დეპუტატებმა ის 86 ხმით აირჩიეს.
"გპირდებით, რომ დავიცავ ბალანსს და ხელს შევუწყობ დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში. დროა გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ"- ამ სიტყვებით მიმართა კენჭისყრამდე მან სხდომათა დარბაზში შეკრებილ დეპუტატებს.
სიტყვით გამოსვლისას კუჭავამ "ქართული ოცნების" გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს და მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად. მადლობა ჩვენს გუნდს ასეთი ნდობისთვის და მის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, დიდი მადლობა არჩილ თალაკვაძეს, რომელსაც ურთულეს პერიოდში მოუხდა პარლამენტის თავმჯდომარეობა და მაქსიმუმი გააკეთა, რომ მძიმე მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულებულიყო.
დღეიდან, ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს. შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარბაზში ამომრჩეველთა ხმა მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი.
გპირდებით, რომ დავიცავ ბალანსს და ხელს შევუწყობ დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში. დროა გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ, კომპრომისებისა და დათმობის გზით, რისკენაც მოგვიწოდებს საზოგადოება"-განაცხადა კახა კუჭავამ.
24 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.