ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოქდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მაისში აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს. ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
"მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი 2020-2021 წელს მიმართულია სწორედ ტურიზმის ინდუსტრიისკენ - ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის პროგრამის ''აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ეტაპზეა, მაინც გაიხსნა საერთაშორისო ფრენები, რასაც თანდათან ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა მოჰყვა.