უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ელჩი კიევში 21 აპრილს ჩავიდა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვასილ ბოდნარს შეხვდა.
„ეს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 15 აპრილს შემდგარი სატელეფონო საუბრისას მიღწეული შეთანხმების შედეგია“, - აღნიშნავენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2020 წლის 7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.