ნათელია, ვის აწყობდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად - არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 19:53 929 ნახვა

რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ხელს შეთანხმებას, უკვე ნათელია, ვის აწყობდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს: როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება საერთო წინადადებებსა და პირობებს, ამ დროს, რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა. ესაა ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და რეალურად, ვინ მუშაობდა მის მოსაგვარებლად. ფაქტი ერთია: რაც გუშინ გაფორმდა, ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი შეთანხმების ხელმომწერებს საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან, პლენარულ სხდომაზე ელოდება.

"შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს სწორედ იმას, ამ შეთანხმების განხორციელების აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ ხელმომწერი მხარეები მუშაობენ პარლამენტში და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს ამ საკითხებზე. შესაბამისად, მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომების კვირა და ჩვენ უკვე ხელმომწერ მხარეებს, ოპოზიციას, ვინც ხელი მოაწერა, ველით პარლამენტში," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი