„ნამახვანჰესზე“ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე - პრემიერი

29 მარტი 2021, 13:37 833 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, კიდევ ერთხელ შემოწმდება  გარემოს ზემოქმედების ეფექტი.

კომპანია დავითანხმეთ და უშუალოდ კაშხლის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„ქართველმა მეცნიერებმა დაახლოებით 30-40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა „ნამახვანჰესზე“. ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მინდა გავმიჯნო გულწრფელად ჩართული მოქალაქეეები ამ პროცესში და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგიც - უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები. ჩვენ უკვე გავზარდეთ იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი, ყოველ წელს იზრდება მოხმარებაც და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ, ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, მცირე და მიკროჰესების მშენებლობა. იმ მოქალაქეებისთვის მინდა განვმარტო, ვინც გულწრფელად წუხს იმიტომ, რომ ზოგს ინფორმაცია არ აქვს და მეტი კომუნიკაციაა საჭირო. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავავალე, ისინი ადგილზე ჩავიდნენ და ნახეს, ყველას შეხვდნენ და დაიწყეს საუბარი. ასევე, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე. ის, რომ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ. ასევე, შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი, ასევე რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთ მილიონიანი ფონდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი