გაუგებარია რატომ მოხდა ჩემი სახელი და გვარი იმ სიაში - რესან კონცელიძე გახარიას ახალ გუნდში შესაძლო გადასვლაზე 

22 მარტი 2021, 16:38 2818 ნახვა

''ქართული ოცნებიდან'' ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გუნდში გადასვლას არ გეგმავს. დეპუტატი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც იგი შესაძლოა ყოფილი პრემიერის ახალ გუნდში ვიხილოთ. 

რესან კონცელიძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის ამ განცხადების გაკეთება პარტიას არ დაუვალებია.

''არავითარი შემოთავაზება არ მიმიღია, ვარ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი. ბათუმელებმა ''ქართული ოცნებიდან'' ამირჩიეს, მაქვს აღებული ვალდებულებები მათ მიმართ და ამ ვალდებულებების ერთგული ვრჩები. გავაგრძელებ მუშაობას ''ქართული ოცნების'' გუნდში, როგორც ეს არის განსაზღვრული. სხვაგან გადასვლას და სამუშაოს გაგრძელებას არ ვაპირებ.  არავითარი საბაბი არ ყოფილა და არც არის. ჩემთვის გაუგებარია რატომ მოხდა ჩემი სახელი და გვარი იმ სიაში. პარტიას არაფერი მოუთხოვია. არ იყო აქამდე აუცილებლობა მედიასთან გამოვჩენილიყავი'' - ამბობს დეპუტატი. 

ჟურნალისტების კითხვაზე რა ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ პრემიერთან და ხომ არ იყო გიორგი გახარიას კადრი, რესან კონცელიძე ასე პასუხობს: 

''ბატონი გიორგი იყო ჩემი პრემიერ-მინისტრი, მქონდა ისეთი ურთიერთობა, როგორი ურთიერთობაც უნდა მქონოდა ასეთ ვითარებაში''.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში