უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
"ძალიან ვწუხვარ, რომ რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას, ვერც ევროპული სტანდარტი და ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავეა „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია და ჩემი აზრით საერთოდ, კიდევ ერთხელ ნახა დასავლეთმა, ვისთან აქვს საქმე. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი, ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გაქვს საქმე სახელმწფოებრივ მიდგომასთან. ჩვენ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, რათა აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა
"სამწუხაროდ, ამდენსაათიანი მუშაობის და ძალიან მძიმე, რთული მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს - გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად იმისთვის, რომ აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ამ ეტაპზე ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა წინ წასულიყო“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პარტია "ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ძირითად საკითხებზე საერთოდ ვერ მოხდა დაახლოება.
"ამ პროცესში წარმოჩნდა ოპოზიცია, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზად, მაგრამ იგივე ჩვენ ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. რიგი წინადადებები მედიატორის მხრიდან იყო მისაღები, ოპოზიციისთვის, არ იყო მისაღები „ქართული ოცნებისთვის“. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერდა. ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ ვითარებას ბრიუსელში, ჩვენ დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად, ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება, რომ გაგვეკეთებინა გარღვევა" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, შეთანხმება ვერ შედგა ვერცერთ საკითხზე, განსაკუთრებით, პოლიტპატიმრებსა და ვადამდელი არჩევნებზე.
"პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო, განსაკუთრებით სრულიად შეურაცხადი პოზიცია იყო, ამდენი საათის განმავლობაში პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს, კერძოდ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვებაც, ეს არის ამდენი საათი გაგრძელების ერთადერთი ახსნა. დათმობამდე საქმე არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც ამ ვითარებიდან ჩემი აზრით, გამოსავალს იპოვიდა" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა პატიმრობაში იქნებიან, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების სივრცე შეიზღუდა.
"ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება, დღეს ხელისუფლებამ გვაჩვენა უპასუხისმგებლობა, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეების ბედი და მოქალაქეების ინტერესი. მინდა გითხრათ ჩვენი გეგმა, ჩვენი პოზიცია იმ მომენტამდე, ვიდრე ნიკა მელია არის დაკავებული და არის პატიმრობაში, ვიდრე გიორგი რურუა არის პატიმრობაში ამ მოლაპარაკების სივრცე „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეულწილად შეიზღუდა“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ყველაზე მეტი დრო დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის მომზადებაზე, დაიხარჯა თუმცა „ქართული ოცნება“ არაფერზე იყო თანახმა.
"მაგიდაზე იდო ექვსივე პუნქტი, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, თუმცა თუ კითხვა ეხება იმას, რაზე დაიხარჯა ამდენი დრო, ამდენი დრო დაიხარჯა დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის მომზადებაზე, რომლებზეც შემდეგ „ქართული ოცნება“ იძახდა უარს. შემდეგ მომლაპარაკებლები მიდიოდნენ და ასწორებდნენ ამ ვერსიებს და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ ეთანხმებოდა იმ სხვადასხვა პუნქტს, ეს არ ყოფილა განხილვის საგანი. ისინი ცდილობდნენ, ჯერ დოკუმენტი ისეთი მაინც ყოფილიყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ეთქვა კი რამეზე მაინც. მათ შორის, დრო დაიხარჯა იმაზე, რომ მათ ჰქონდათ მუდმივი კონსულტაციები ბრიუსელთან“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.