ევროკავშირის მხარდაჭერით, პორტებს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა გაიზრდება - ნათია თურნავა

18 მარტი 2021, 12:53 656 ნახვა

ევროკავშირი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც უფრო რეგულარულ საბორნე მიმოსვლას საჭიროებს. შესაბამისად, მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, რომ ეს მიმოსვლა პორტებს შორის გაიზარდოს - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავ ზღვაზე კავშირ-ურთიერთობების, ე.წ. connectivity-ს თემას.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ეკონომიკური ნაწილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის ჩვენი საგზაო რუკა, თუ რა მიმართულებით განვითარდება მომავალში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავ ზღვაზე კავშირ-ურთიერთობების, ე.წ. connectivity-ს თემას. პირველ რიგში, ეს არის საბორნე მიმოსვლა ჩვენს პორტებსა და ევროპულ, კერძოდ, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის პორტებს შორის. ვინაიდან ევროკავშირი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ეს საჭიროებს უფრო რეგულარულ საბორნე მიმოსვლას. შესაბამისად, მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, რომ ეს მიმოსვლა პორტებს შორის გაიზარდოს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ასეთი პროექტი, რომელიც ევროპასა და საქართველოს შორის ფიზიკურ კავშირებს უკავშირდება, არის შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი, რომელიც ასევე იქნება აღჭურვილი შესაბამისი მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, რაც ამ პროექტს კომერციულად მიმზიდველს გახდის. ამაზე იყო საუბარი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში და ამოცანა დგას, რომ მომავალში ჩვენი მწვანე ენერგია ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით მიეწოდებოდეს ევროკავშირს. მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო თანხები და დაგვეხმარება ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში. მოხარულები ვიქნებით, თუ ევროკავშირი ამ პროექტის განხორციელებაშიც მიიღებს მონაწილეობას და ამაში ევროპული კომპანიებიც ჩაერთვებიან“, - აღნიშნა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში