ეს არის ბინძური პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია - პრემიერი ფარულ აუდიოჩანაწერებზე

12 მარტი 2021, 12:32 1027 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც.

პრემიერმა ჩანაწერებს ბინძური პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია უწოდა.

პრემიერმა განმარტა, რომ ისინი 11 წლის წინანდელია.

"ჩვენ კარგად გვესმის რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩენ ძალიან კარგად გვესმის თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს. ეს რა თქმა უნდა არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები შეთანხმების მიღწევის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი და დასაგმობი ფაქტი, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას. 

ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საქმეა, ვიფიქრო ჩვენი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობა.

მე არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, თუმცა რადგან შეკითხვები არსებობს, მე მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება.

ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. პირველი ის, რომ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე ის, რომ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ფაბრიკაცია ჩეულებრივი. საუბარი იყო თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი, რომ მინისტრები დამირეკავდნენ.

მოგეხსენებათ მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა საქართველოში და ბუნებრივია  მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან მათ შორის, არაერთი შეხვედრა მქონდა გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან რურუასთან, კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, განათლების მინისტრთან, შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როცა მე ვიყავი ფონდი „ქართუს“ პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია, მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები თითქოს 2017 წელს იყო გაკეთებული. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში. მას შემდეგ მე არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და საფუძველმოკლებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით დაზარალებული არის ის თავად, რადგან ტოტალური მოსმენების მსხვერპლი გახდა.

"დაზარალებული ვარ მე, პირადად მაქვს შეკითხვა თუ რატომ მისმენდნენ თუ რატომ მისმენდნენ მე მაშინ ვიყავი საჯარო სექტორში და რატომ უსმენდნენ 15 წლის ბერა ივანიშვილს. მაშინ არც ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად ეს ორმაგად ამძიმებს არსებულ გარემოებებს, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი.

ეს არის გამოსაძიებელი თუ რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და სიყალბე ჩვენი საუბრების.

დანაშაული არ მომხდარა, რადგან დაზარალებული არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა და თქვა, რა ვითარებაში, როგორ ატმოსფეროში მოხდა ბატონი ანზორ ჩუბინიძის გასაუბრება. ერთი ფაქტი მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის, ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან თუ ოდესმე ვინმეს რამე გსმენიათ, ან რამე ფაქტი იცით, გთხოვთ, რომ დამისახელოთ. ბატონმა ანზორმა ამის თაობაზე ძალიან ვრცელი კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ რასთან იყო საქმე. უბრალოდ, გასაუბრება მოხდა, მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ, გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს, იყო უამარავი მუქარა და შეუარცხმყოფელი მუქარები, აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ჩუბინიძის, როგორც იმ დროს, ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია პოლიციის ჩართულობით მათ შორის, იმიტომ რომ მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც მინდა განვმარტო, როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობის“ დროს, ასეთ დანაშაულს, როგორც ისინი გვიყვებიან და ყვებიან, გამოიძიებდნენ თუ არა, ან დატოვებდნენ თუ არა ისინი ამ ფაქტს გაუხმაურებელს, რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, დასკვნა არის შემდეგი, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა. ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბებზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, მაგრამ ისევ და ისევ, მოსახლეობას რომ არ დარჩეს რაიმე კითხვა, ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება, ასეთი ვრცელი განმარტება გამეკეთებინა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი