სინდიეთში მცხოვრებლები სოფელში ქვათაცვენის შეჩერებას ითხოვენ. მათი ვარაუდით, პრობლემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბზები გახმა. მოსახლეობა კლდეზე დამცავი ბადეების მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ. პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში.
ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ საგზაო დეპარტამენტთან დაწყებულია მოლაპარაკება და ინფრასტრუქტურული ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ, ასევე განიხილავენ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ნარგავების დარგვას.
ამ გეგმების მიუხედავად, სინდიეთში ქვათაცვენის შესაჩერებლად მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები გაწერილი არ არის.
აჭარის საგზაო დეპარტამენტში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს და წერილობით მოგვწერეს, რომ სოფელ სინდიეთში ქვათაცვენა არ ფიქსირდება. უწყებამ საგზაო უსაფრთხოების მიზნით ადგილზე სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნები განათავსა.