ეუთო/ოდირი ხელისუფლებას 8 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. მათ შორისაა შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის კიდევ უფრო მეტად იყოს შესაბამისობაში ეუთო-ს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკებთან მომდევნო საარჩევნო პერიოდამდე.
ერთ-ერთი რეკომენდაცია საარჩევნო ადმინისტრაციას ეხება და აღნიშნულია, რომ მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად და დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა შემადგენლობის გადახედვა. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად კი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადადგან სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების დაშინების შესახებ ბრალდებების შესაბამისად გამოძიების მიზნით.
საუბარია ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ საჩივრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში განხილვის აუცილებლობაზე.ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ეხმაურებიან.