სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი - დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით - შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 22:31 210 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, მხარეებს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ მოუწოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ოპოზიციიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის მოგვესმინა და გავიგეთ, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც პოლიტიკური პირების მიერ უნდა გადაიჭრას.

მე ევროკავშირის მხარდაჭერას ვთავაზობ განსხვავებულ საკითხებზე ყველა პოზიტიური ძალისხმევის გასაძლიერებლად. ორ კვირაში ბრიუსელში ჩვენ გვექნება შემდეგი ასოცირების საბჭო საქართველოსთან ერთად, სადაც გაირკვევა, თუ რა წინსვლა მოხდა სხვადასხვა საკითხთან მიმართებით.

მთავარი გზავნილი შემდეგია: ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველია. ამ ქვეყანაში ბევრი რთული გამოწვევაა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, „კოვიდ-19“, უსაფრთხოება, სტაბილურობა.

ეს არის ძალიან არსებითი გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არის სასწრაფო პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო „კი“. ეს არის კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში