შარლ მიშელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა - პრემიერი

01 მარტი 2021, 13:13 181 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე.

,,მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობასა და მომავალი სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე. ხაზი გავუსვით საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.

ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე, ასევე - ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებული ვითარება, ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტი როლი, რათა ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დავიწყოთ.

მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში