ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა გააჟღერა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.
„2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერც ერთი მსახური.
5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.
9 მარტს აქციას ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური.
11 მარტს ვგეგმავთ აქციას, ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის, უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ.
13 მარტს, ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცია თავისუფლებისთვის“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.