საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ყველას შეუძლია, დემონსტრაცია ჩაატაროს.
მისივე თქმით, ნიკა მელიას აქვს არჩევანი იქნება ციხეში თუ ციხის გარეთ.
„ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ყველას შეუძლია, დემონსტრაცია ჩაატაროს. რაც შეეხება მოთხოვნებს, მათ კონკრეტულ მოთხოვნებს არ შევაფასებ. როგორც აქამდე, დღესაც ნიკა მელიას აქვს არჩევანი, თავად შეუძლია გადაწყვიტოს, იქნება ციხეში თუ – არა. აქ საუბარი გვაქვს, რომ კანონიერი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნას აღსრულებული. გუშინ ჩვენ რეალურად დავინახეთ, რომ არსებობს შესაძლებლობა, მან გააგრძელოს ჩვეულებრივად მოღვაწეობა გარეთ, თუ ის აღასრულებს იმ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი.კონკრეტული განმარტებები იქნა გაკეთებული პროკურატურაში და მეც მაგას ვეყრდნობი.
აუცილებლად, მოლაპარაკებები არის გზა, რომელიც ჩვენ გვჭირდება საზოგადოებაში. გეტყვით იმასაც, რომ დღესდღეობით იყო განცხადებები, რომლებიც მომდინარეობდა როგორც ოფიციალური წყაროებიდან, ყოფილი ოფიციალური პირებიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებიდან, ასევე კონკრეტული პირების მხრიდან, ერთი ცხადი ფაქტია, ყველა ამ განცხადებაში და ყველა მოწოდებაში იყო, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ერთმანეთს ველაპარაკოთ. მგონია, ის განცხადება, რომელიც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ნათელი დადასტურება და გამოვლინება იყო, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არის. პოლიტიკური დიალოგი მანამდეც იყო შეთავაზებული, დიალოგისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს და მით უმეტეს ის ინიციატივები, რომლებიც უკვე არის ინიცირებული, საკმაოდ კარგ საფუძველს იძლევა ამის გაგრძელებისთვის"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.