არ გადაიხადა დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი - ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2021, 10:14 962 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას და კანონის უზენაესობას. ''ქართული ოცნების'' ლიდერის თქმით, ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა, ამიტომ დაიჭირეს. 

,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს, მხოლოდ ფაქტებს. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პოლიტიკური მოტივით 2012 წელს ის აკოტრებდა კერძო ბანკს, ამ დანაშაულისთვის იგი უკვე ცნობილი იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ. 

2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას. 

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი - კერძოდ ძალადობრივი რევოლუციით. 

დემოსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა  მიაყენა სახელმწიფოს. შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა 2 თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს. 

მხოლოდ ამის შემდეგ დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ. 

პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ განაცხადა: ''არ გადავიხდი ვერ დამიჭერთ''. არ გადაიხადა დაიჭირეს, უფრო ზუსტად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი'' - განაცხადა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დასჭირდა „ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო“.

''დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება.

რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი