მთავარი მსოფლიოში

22 თებერვალი 2021, 20:00 1050 ნახვა

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობას კვერცხები ესროლეს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობის გვერდით ჩავლისას, უწყების თანამშრომლებს მოუწოდეს შეწყვიტონ ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილება. დემონსტრანტების ქმედებებში პოლიცია  არ ჩარეულა. საპროტესტო მსვლელობა ამ წუთებშიც გრძელდება.  ოპოზიციონერები ერევნის ცენტრში საფრანგეთის მოედნისკენ გადაადგილდებიან, სადაც მრავალათასიანი მიტინგია დაგეგმილი.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა  თხილამურებზე ისრიალეს.  პოლიტიკოსები სათხილამურო ტრასაზე მოლაპარაკებების შემდეგ გავიდნენ. ვლადიმირ პუტინის და ალექსანდრე ლუკაშენკოს მოლაპარაკებები  სოჭში დაიწყო. ლუკაშენკოს თქმით, მოსკოვისა და მინსკის  სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ფაქტობრივად ყველა  საგზაო რუკა ხელმოწერას ელოდება. ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით,  რუსეთი და ბელარუსი 33 მიმართულებით  თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე  ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მომზადებაზე შეთანხმდნენ.  ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით დასავლური მედია იუწყება.  შეხვედრაზე მინისტრებს არ უმსჯელიათ კონკრეტულ პიროვნებებზე, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს.  თუმცა ევროპული მედიის  დიპლომატიური წყაროების თანახმად, სანქციები შესაძლოა ამოქმედდეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბასტრიკინის,  რუსეთის გვარდიის დირექტორის ვიქტორ ზოლოტოვის, გენერალური პროკურორის იგორ კრასნოვის და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორის ალექსანდრე კალაშნიკოვის წინააღმდეგ.  ევროპელი ჟურნალისტების ვარაუდით,  სასანქციო სიებში  რუსეთის მსხვილი  ბიზნესის წარმომადგენლებს ამჯერად არ მოხვდებიან.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი მოკლეს.  ლუკა ატანაზიო ბოევიკების შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.  ინფორმაციას იტალიური ტელეარხები ავრცელებენ.  ინციდენტი ქალაქ გომაში მოხდა.  შეიარაღებული ბოევიკები თავს დაესხნენ გაეროს ავტომობილების კოლონას. ერთ-ერთ ავტომობილში იტალიის ელჩი იმყოფებოდა. დიპლომატის გარდა დაიღუპა მისი თანმხლები იტალიელი კარაბინერი.  იტალიური მედია აღნიშნავს, რომ  თავდასხმის მიზეზი  ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ  საუბარია   გატაცების მცდელობაზე.  იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

22 თებერვალს დედამიწას საფეხბურთო სტადიონის ზომის ასტეროიდი მიუახლოვდება, ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო იტყობინება. ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 213 მეტრია და ის დედამიწიდან 4 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაიფრენს. ამავე დღეს დედამიწას კიდევ ერთი ასტეროიდი მიუახლოვდება, რომლის დიამეტრი 10 ჯერ მცირე იქნება. ასტეროიდი სახელწოდებით, ბი ვი 9 დედამიწიდან 6 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაიფრენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი