გამოხმაურება მსოფლიო მედიაში

18 თებერვალი 2021, 15:19 878 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისკენ მოუწოდებს -ამ სათაურით სააგენტო როიტერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გახარიამ, რომელიც მთავრობის მეთაურის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, თანამდებობა ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით  საკუთარ გუნდთან უთანხმოების გამო დატოვა. როიტერი  წერს, რომ გახარიასთვის მიუღებელია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება. ბრიტანული სააგენტო პრემიერ-მინისტრის გადადგომამდე და გადადგომის შემდგომ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე წერს. პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ოპოზიციონერი მელიას დაკავების ორდერი გადაავადა. როიტერი აღნიშნავს, რომ მელიამ თავის მხრივ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა წერს თურქული სააგენტო ანადოლუც.  გამოცემა მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად საკუთარ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.  პრემიერმა გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ  ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააღრმავებს.  ანადოლუ წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაგმეს.  თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია არ აღიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და პოლიციისთვის ჩაბარებას არ აპირებს- წერს თურქული გამოცემა.

ოპოზიციონერის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრემიერი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა წერს ბი-ბი-სის რუსულენოვანი გამოცემა.  მელია არასდროს დიდად პატივს არ სცემდა საქართველოს კანონმდებლობას, მოქალაქეებს მოუწოდებდა 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო ციტირებს გახარიას ბი-ბი-სი. თუმცა ჩემი მტკიცე პოზიცია იმაში მდომარეობს, რომ  ერთი ადამიანის მიმართ მიუღებელია მართლმსაჯულებისგან განსაზღვრული კანონიერი ზომის აღსრულება, თუ იგი  რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი მოქალაქეების  ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციისთვის შესაძლებლობას ქმნის- გახარიას ამ განცხადებას აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა. ბი-ბი-სი  მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებასაც აქვეყნებს, და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ლოგიკურს  უწოდებს და მელიას კანონისადმი დამორჩილებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში