მთავარი წყალგამყოფი იყო ის თუ როგორ უნდა აღსრულებულიყო ნიკა მელიას განაჩენი - გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2021, 13:18 173 ნახვა

"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე პრემიერის გადადგომის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ მთავარი წყალგამყოფი გიორგი გახარიასა და უმრავლესობის პოზიციას შორის იყო, ის თუ როგორ უნდა აღსრულებულიყო ნიკა მელიას განაჩენი.

მისივე განცხადებით, გიორგი გახარიამ გამოთქვა პოზიცია, რომ ის ამას არ ეთანხმებოდა და ეს გახდა წყალგამყოფი უმრავლესობასთან.

"ყოფილი პრემიერი პირველი დღიდან იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იმისა, რომ როცა პარლამენტში შემოვიდოდა საკითხი იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე უმრავლესობის პოზიცია ამ საკითხზე ყოფილიყო ერთიანი. უმრავლესობის სხდომაზეც მან მკაფიო განცხადება გააკეთა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო. სახელმწიფო რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა დაცვასა და კანონის უზენაესობაზე. ამიტომ სახელმწიფო თითოეულმა ადამიანმა მიუხედავად იმისა, რომელი ჯგუფის წარმომადგენელია არ უნდა დადგეს კანონზე მაღლა. 

ყოფილი პრემიერი იყო დიდი მხარდამჭერი იმ პოზიციის, რომ მომხდარიყო სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვა. როცა უმრავლესობა შეიკრიბა და გუნდში იყო პოზიციათა გამოთქმა, მისი მხრიდან იყო მოწოდება, რომ ჩვენ კანონის სიმაღლეზე უნდა დავდგეთ და საზოგადოებას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვაშენებთ კანონზე დაფუძნებულ ქვეყანას.

წყალგამყოფი იყო იმაში თუ როგორ უნდა აღსრულებულიყო ეს. როცა ჩვენ ვხედავთ, როცა კონკრეტული ბრალდებული, რომლის მიმართაც გუშინ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღმკვეთი ღონისძიება დამძიმებოდა ამ სიტუაციაში მისი მხრიდან, როცა ნებაყოფლობითი აღსრულება არ ხდება აღსრულების ის ფორმა ერთვება, რომელიც მიღებულია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის ფარგლებსა და ჩარჩოებში, აქ მან გამოთქვა მისი პოზიცია, რომ ის ამას არ ეთანხმებოდა და ეს გახდა წყალგამყოფი უმრავლესობასთან.

მე არ ვიცი რამ გამოიწვია მისი პოზიციის ცვლილება ეს მას უნდა ჰკითხოთ.

მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა არავის მოუთხოვია, ეს იყო მისი გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან ერთად მთელი მთავრობაც გადამდგარად ითვლება, შესაბამისად არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ეს იყო გონივრული ნაბიჯი ამ პროცესის გადავადება.

არანაირი კანდიდატურა ამ წამის მდგომარეობით არ განიხილება. ხვალ პოლიტსაბჭო შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ეცნობება მედიასაც"-გივი მიქანაძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში