ბათუმში პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა

15 თებერვალი 2021, 18:05 1120 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებმა რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, იქვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. 

პოლიციამ ერთი მამაკაცი ტერიტორიიდან ავტომობილით გაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ასევე ამბობს, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ''როგორ დამიძახე შენი დედაო, ეს როგორ უნდა მითხრა, სად არის კანონი?'' - მიმართავდა პოლიციელს ქალი.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით მთავრობის სახლთან დაბრუნდნენ. 

დღეს, 15 თებერვალს  ე.წ ოცნების ქალაქის მცხოვრებლები და სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და საკითხების მოგვარებას ითხოვდნენ.

შეხვედრა ჩაიშალა, რადგან შენობაში შესულ მოქალაქეებს მოლაპარაკების მაგიდასთან არ დახვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

 

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში