ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის 1 წლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებზე.
ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენაა მიმართული.
მხედველობაში მისაღებია, კოვიდპანდემიით შემქნილი გარემოება. მნიშვნელოვნად შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის საკარანტინო ვადა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაყოფენ 5 დღეს, საკარანტინო სივრცეში და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შედეგად მათ ექნებათ შესაძლებლობა დატოვონ საკარანტინე სივრცე.
ენგურის ხიდზე არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულია ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადმოსულ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შეფასდეს მათი მდგომარეობა და შესაბამისად მოხდეს მათი ტრანსპორტირება" - განაცხადა თეა ახვლედიანმა.