საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.
„გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრები, თავდაპირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც იმართება მთავრობის სხდომები, გაიმართება ეს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.