ქობულეთის სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა

08 თებერვალი 2021, 16:50 4075 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა. წყავროკას მცხოვრებთა განმარტებით,  ინფიცირებულმა ტურამ, ძაღლი დაკბინა. შინაურ ცხოველს მრავლობითი ნაკბენები აღენიშნებოდა.

ადგილობრივების განმარტებით, ცოფის შემთხვევების დაფიქსირება, მიმდებარედ თიკერის ტყეში, მგლებისა და ტურების სიმრავლეს უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ ამ კუთხით კონტროლი უნდა გამკაცრდეს და ქმედითი ღონისძიებები დაიგეგმოს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის განცხადებით, უწყებაში შევიდა სატელეფონო შეტყობინება.

"შეტყობინების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე, სადაც ნაპოვნი იყო გარეული ცხოველის ლეში, გავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. აიღეს პათოლოგიური მასალა, რომელიც გადაიგზავნა, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. დღეს, დილით მივიღეთ პასუხი, დადასტურებული ცოფის შესახებ"- აცხადებს სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.

ტურის ლეში ნაპოვნია სოფელ ცხრაფონაშიც, რომელიც ადგილობრივებმა საკარმიდამო მიწის ნაკვეთში  იპოვეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აიღეს პათოლოგიური მასალა. გადააგზავნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, ცოფზე სადიაგნოსტიკოდ. რამდენიმე წუთის წინ კი სააგენტოში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ ცოფი ამ შემთხვევაშიც ლაბორატორიულად დადასტურდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და გარეული ცხოველების იძულებით ვაქცინაციას იწყებს სოფელ წყავროკასა და 2-3 კილომეტრში მდებარე მომიჯნავე სოფლებში.

უწყება აპირებს ქობულეთის მერიას ოფიციალური წერილით მიმართოს, სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში სავალდებულო საკარანტინო რეჟიმის გამოსაცხადებლად, რომელიც 60-დღეს მოიცავს.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შეიქმნა მონადირეთა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც მოახდენენ, კანონის შესაბამისად, იმ ცხოველების ლიკვიდაციას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენ, როგორც შინაური ცხოველისთვის, ასევე ადამიანებისთვის.

"გამოყოფილია მონადირეთა ჯგუფი, რომლებმაც უკვე მოახდინეს ერთი დაავადებული ტურის ამოღება, მონიტორინგი გაგრძელდება სხვა დღეებშიც. სააგენტოს მომართვის შემდეგ, აღნიშნულ სოფელში დაწესდება 60 დღიანი კარანტინი. თუმცა ეს კარანტინი არ გულისხმობს სოფლის ჩაკეტვას. სოფელში შესვლა და გამოსვლა არ აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიებზე რძის და ხორცპროდუქტების რეალიზაცია შეიზღუდება. რეკომენდაციის სახე ექნება სოფლის მოსახლეობისთვის ცოფის ვაქცინის გაკეთებასაც"- აცხადებს მერის მოადგილე დავით ვერულიძე.

რამდენიმე დღის წინ ცოფის შემთხვევა დადასტურდა სოფელ ჯიხანჯურშიც, სადაც დღემდე კარანტინი მოქმედებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი