გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გახმოვანდა საპროტესტო რეაქციის გამოძახილია - შოთა ბურჯანაძე

04 თებერვალი 2021, 14:15 916 ნახვა

რამდენიმე დღის წინ გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა დააანონსა, რომ 6 რესტორანს თვითნებურად გახსნიდნენ და მუშაობას დაიწყებდნენ. 

დღეს, პრემიერმა თქვა, რომ კვების ობიექტებს სტუმრების მიღების საშუალება მხოლოდ ღია სივრცეში 15 თებერვლიდან ექნებათ. შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება. 

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ობიექტები, რომლებიც შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან დაწესებული შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ე.წ. მუქარას ყურადღებას არ აქცევს, შეზღუდვების შემსუბუქება კი მათ პროტესტს უკავშირდება. 

''გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გახმოვანდა, რა თქმა უნდა მისასალმებელია. ეს არის იმ საპროტესტო რეაქციის გამოძახილი, რაც ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდათ. ასევე ადამიანებს, რომლებიც ვერ  ეგუებიან სრულ ჩაკეტვას. აქედან გამომდინარე, ეს არის დაძრული ყინული.  რაც შეეხება ე.წ. მუქარას ამას ყურადღებას არ ვაქცევთ , იქედან გამომდინარე, რომ არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და რელევანტური ამ საკითხზე საუბარი.  კანონით არ არის გაწერილი  - ვინც ქუჩაში დადგება დახმარებას ვერ მიიღებს, ვინც არა, დახმარებას მიიღებს. ეს წარმოუდგენელი რეალობაა'' - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

დღეს, ხუთ საათზე რესტორატორთა შეხვედრაა ჩანიშნული, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა დაუმორჩილებლობას და ზოგადად როგორი იქნება სამოქმედო გეგმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში