რატომ დაალაგებინეს მოსწავლეებს ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო და იყო თუ არა ეს ქმედება იძულებითი? - ამას გამოძიება დაადგენს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით და გავრცელებული კადრების მიხედვით ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ერთი კვირის წინ მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მიიყვანეს და სხვა ოთახებთან ერთად საპირფარეშოც დაასუფთავებინეს.
არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, სკოლის მოსწავლეები ე.წ.-ულ „დასუფთავების აქციაზე“ სკოლის დირექციის თანხმობით წაიყვანა. დღეს ამ ფაქტს ადგილობრივ საკრებულოში ხმაური მოჰყვა.
პარალელურად, მერიასთან აქციაზე მერის გადადგომა მოითხოვეს. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ მათ ფაქტის შესახებ არ იცოდნენ. მომხდარის შესწავლა დაიწყო განათლების სამინისტრომაც.