ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანის პროცესი დასრულდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მას 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც 40 დღეში უნდა გადაიხადოს. ფანგანს ასევე მოუწევს დამატებითი მოთხოვნების შესრულება. კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან, ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა და დაზარალებულთან კონტაქტი.
პროკურატურა 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
''ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა. ვითხოვდი 5000 ლარს და 2000 შეუფარდა. გამოიყენა დამატებითი ვალდებულებები ბრალდებულთან მიმართებაში, კერძოდ დაზარალებულთან მიახლოების და კომუნიკაციის ნებისმიერი სახის აკრძალვა. კვირაში ერთხელ გამომძიებელთან გამოცხადება და ასევე საზღვარს ვერ გადაკვეთას საქმის დასრულებამდე'' - განაცხადა პროკურორმა.
ირაკლი ფანგანის ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
"გადაწყვეტილება ჩემთვის ცოტა მიუღებელია როგორც გირაოს ნაწილში, ასევე დამატებით ღონისძიებების ნაწილში და დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გასაჩივრდება" - განაცხადა ირაკლი ფანგანის ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.
რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ირაკლი ფანგანმა გუშინ განაცხადა, რომ გამოხატვის მსგავს ფორმას ისევ გამოიყენებდა, დღეს კი სასამართლოზე თქვა, რომ მსგავს თავად აღარ გაიმეორებს.
'' არ ვნანობ არაფერს, გავაგრძელებ ისევ ძველებურად, აქციასაც დავესწრები და ვიბრძოლებ ბოლომდე. საზოგადოებას გუშინ ბოდიში მოვუხადე. პოზიცია არ შემიცვლია, ვთქვი, რომ მე თუ არა სხვა გააკეთებს ამას ანალოგიურად. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმები'' - განაცხადა ბრალდებულმა.