სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა და კორონავირუსი - ეს ის საკითხებია, რომლებიც ენ-დი-აის გამოკითხვით მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კვლევის თანახმად, ეკონომიკური პრობლემები კვლავაც უდიდესი დაბრკოლებაა - პანდემია კი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.
თუმცა გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% კი უარყოფითად. ასევე 38%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ ქვეყნის მიერ აღებული გეზი სწორია.
ხალხის აზრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაზეც მოისმინეს, რაზეც დადებითმა შეფასებამ 24 პროცენტი შეადგინა.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა.