ყინვისა და გზებზე ლიპყინულის გამო, გადაადგილების პრობლემაა ქედაში. მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა შესაძლებელი. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 70, ხოლო დაბაში 20 სანტიმეტრია. გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. რაც შეეხება ხულოს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე არ დასრულებულა შიდა საუბნო გზების გაწმენდა, გადაადგილება უჭირთ ცენტრალურ გზებზეც, ვინაიდან გზები მოყინულია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდა, გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში საუბნო გზების წმენდა. მაღალმთიანეთში ელექტროენერგია აბონენტებს შეუფერხებლად მიეწოდებათ. მეორე დღეა თოვს ბათუმშიც. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკური მარილის დაყრა, ძირითადად, ხიდების და გადასასვლელების ტერიტორიებზე მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ იწმინდება სანიაღვრე არხები და თოვლისგან ათავისუფლებენ ხე-მცენარეებს.